სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელახლა არჩეული პრეზიდენტის ბაკო სააკიანის ე.წ. ინაუგურაციას აფხაზი სეპარატისტები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. ინაუგურაცია სტეპანაკერტში გაიმართა. აფხაზ სეპარატისტთა დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი მიხაილ ლოგუა ხელმძღვანელობდა. აფხაზური მხარე იუწყება, რომ აფხაზურმა ე.წ. დელეგაციამ თავისი ვიზიტი "მთიანი ყარაბაღელი ხალხის მიერ წარმოებულ ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობით" დაიწყეს. აფხაზური დელეგაციისათვი ასევე ჩაატარეს მოკლე ექსკურსია სტეპანაკერტში.
გარდა აფხაზი სეპარატისტებისა სააკიანის ე.წ. ინაუგურაციაზე ასევე იმყოფებოდნენ ოსი სეპარატისტები ე.წ. ოფიციალური ვიზიტით. იქვე იყვნენ დელეგაციები სომხეთიდან და რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ სომხების დელეგაციას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობდა.