მალე ქვეყანას ანტიკორიფციული ახალი სტრატეგია ექნება, რომლის დაწერაზეც ხელისუფლებაში უკვე აქტიურად მუშაობენ. თუ 2005 წელს დაწერილ სტრატეგიაში მთავარი აქცენტი კორუფციის აღმოფხვრა იყო, ახალ დოკუმენტში აქცენტი უკვე კორუფციის პრევენციაზე გაკეთდება. სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიში წელიწადში ერთხელ წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და გახდება საჯარო. ანგარიშში დეტალურად იქნება ასახული სამოქმედო გეგმის განხორციელების მსვლელობა. ორგანიზება გაუკეთდება ყოველწლიურ ღონისძიებას, სადაც, განხილული იქნება ანგარიში და მოხდება სამოქმედო გეგმის განახლება, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ მხარდაჭერას. მთავრობაში ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცებას ზაფხულამდე ვარაუდობენ.
"საჯარო სექტორში გატარებულმა რეფორმებმა მკვეთრად გააუმჯობესა აღნიშნული სისტემის ფუნქციონირება, თუმცა საჯარო სამსახური კვლავ რჩება კორუფციული გარიგებების მაღალი რისკის ზონად. შესაბამისად, საჭიროა გატარებული რეფორმებით გათვალისწინებული პირობების მუდმივი ზედამხედველობა და დარღვევის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირებისეფექტურობის შემდგომი გაუმჯობესება.
დახვეწას საჭიროებს, როგორც ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი, ასევე მთლიანად საჯარო სექტორის პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა", - ნათქვამია ეროვნული ანტიკორუფციული გეგმის პროექტის პირველ ვარიანტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ანტიკორუფციული სტრატეგია 2005 წელს დამტკიცდა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გრძელვადიანი ხედვის პრინციპებს აყალიბებდა. 2008 წლიდან ქვეყანაში უწყებათაშორისი ანტი-კორუფციული საბჭო მოქმედებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც არიან გაერთიანებულნი.