საქართველოს პროკურატურა რვა წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და მათ რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერასა და უცხოური ძალების დახმარებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სამი მთავარი ოპოზიციური ბლოკის კიდევ შვიდი წევრი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურის განცხადებით, რვა პირს ბრალად საბოტაჟი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ინტერესების დახმარება და მთავრობის დამხობის მოწოდება ედებათ.
„ამ ნაბიჯის გადადგმა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ ევროკავშირისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა“, - წერს Reuters.
ასევე გამოცემის მიერ ხაზგასმულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საქართველომ უარი თქვა.