შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული ინვესტიციის თემის გარშემო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია, რომ მე დღეს ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის რუსთაველზე დანაშაულებრივი ორგანიზება, „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება, მანქანის აფეთქება. თუ რამე შეიძლება ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ყველაფერი ჩაწერეს ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა, მივმართო მათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩვენი მხრიდან ბრძოლა გაგრძელდება ყველგან კანონიერ ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სასამართლო და სამართალი. არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. ბრალდებაში რაც წერია, არის აბსურდი. ვერანაირი კავშირი ამ ბოდვასა და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ დავინახე.
პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და „რუსული ოცნება“ ვერ გააჩერებენ. თქვენ გახსოვთ, შარშანდელი დემონსტრაციებისას მიღებულ იქნა „ოფშორების კანონი“, რითიც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან. ახლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო. ბათუმსა და თბილისში 9 მილიონი კვადრატული მეტრი გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, რამხელა აფერასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.