ეს არჩევნები გახდება გამოცდა იმისა, შევინარჩუნებთ თუ არა განვითარების ტემპს, რათა აღარასიოდეს დავბრუინდეთ წარსულში, - ამის შესახებ თბილისში, "სპორტი სასახლეში", "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
"კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ მხოლოდ ის ქვეყანა, ის ერი გადარჩა, რომელიც მომავლის მოსაპოვებლად იბრძვის. მომავლსაკენ იყურება და დღევანდელობის მოთხოვნებთან შედარებით, შვილების მომავალს ანიჭებს უპირატესობას. 8-10 წელი ქვეყნის იტორიისთვის არაფერია", - განაცხადა უგულავამ.
თუ რას ნიშნავს სამშობლო, გიგი უგულავამ ქართველი მღვდელმოწამის გრიგოლ ფერაძის სიტყვებით განმარტა.
"როგორც ჩემთვის სამაგალითო ქართველი მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე ამბობდა - სამშობლო არ ნიშნავს პირველ რიგში მზეს, ტყეს და ველებს. არც საქართველოს ტაძრებსა და ციხე-კოშკებს, არამედ ნიშნავს, ყველა იმ ადამიანს და მათ კეთილდღეობას, რომელიც ამას ქმნის, დარაჯობს, სულ უდგამს, ინახავს, იცავს. ნიშნავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღასრულებს მთავარ მოწოდებას ამ ქვეყანაზე - ეძიებს სამართალს, იბრძვის უფლებებისთვის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ყველანი მზად არიან იმუშაონ ქვეყნნის კეთილდღეობისთვის. "არა მხოლოდ ვიმუშაოდ, არამედ დავიცვათ კიდეც იგი. დავიცვათ ყველაგან და ყოველთვის. აწ და მარადის!", - განაცხადა უგულავამ.