პირველად ქართული კინოს ისტორიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახემწიფო უნივერსიტეტს, როგორც მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის "სილექთი"-ს სრულუფლებიან წევრს, მიეცა უფლება წარადგინოს ფილმი სტუდენტური "ოსკარი"-ს ნომინაციაზე.
შერჩეულია კინო-ტელე ფაკულტეტის ტელე რეჟისურის სპეციალობის (რეჟისორ დათო ჯანელიძის ჯგუფი) მე-4 კურსის სტუდენტის ვაკო კირკიტაძის ფილმი "სექტემბერი", რომელიც კომპანია "სინეტექის", ეროვნული კინო ცენტრის და კინო სტუდია "ქართული ფილმის" ერთობლივი პროექტის "საზაფხულო კინოსკოლის" პროდუქტია.
ფილმი მოგვითხრობს დაცარიელებულ სოფელში მყოფ ჯარისკაცებზე, რომლებიც პატარა ბავშვს პოულობენ. მათ შორის განვითარებული კონფლიქტი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორი უძლურია იარღი შეუპოვარი ადამიანის წინაშე, რომელიც ბოლომდე იცავს თავის ღირსებას.
კომპანია სინეტექის მხარდაჭერით, ფილმის გადაყვანა ხდება 35 მილიმეტრიან ფირზე, რათა იგი გაიგზავნოს სასელექციოდ. შერჩევის შემთხვევაში, ქართული სტუდენტური ფილმი პირველად მოხვდება სტუდენტური "ოსკარი"-ს ნომინაციაში, რომლის გამარჯვებულიც ამა წლის ივნისში გამოვლინდება.