კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო და ვიდეომასალის საფუძველზე სასამართლომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი მარინე ჩითინაშვილი ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტზე სამართალდარღვევად სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა.
„მიმდინარე წლის 13-16 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ. 17 აგვისტოს კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ცესკოს შემდგომი რეაგირებისთვის მიაწოდა. 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის სამუშაო ოთახში გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებული საქმე საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა და №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. ზემოაღნიშნული სამსახურის სპეციალისტი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1000 ლარით დაჯარიმდა", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო და ვიდეომასალის საფუძველზე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერი ბარნაბიშვილიც. 16 აგვისტოს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანდა, რომ სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში კედლებზე „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო პლაკატები იყო განთავსებული. სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე, ფანჯრებზეც იყო გაკრული.
აღნიშნულ ფაქტებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმართა.