მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ პანკისის ხეობაში მოვლენები ცუდად განვითარდებოდა. პანკისის ხეობას ხელისუფლება ვაჰაბიტების მეშვეობით აკონტროლებს და ეს პანკისში ხეობის დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევს - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
„იმისათვის რომ ეკონტროლებინა ხეობა მთლიანად, რაღაც ძალას უნდა დაყრდნობოდა და ხელისუფლებამ ეტყობა გადაწვიტა, რომ დაეყრდნოს იმ ძალას, რომელშიც მეტი ახალგაზრდაა გაერთიანებული, უფრო დინამიურია და უფრო გავლენიანია. ასეთი არის ახალგაზრდა ვაჰაბიტების ჯგუფი. პანკისელი ვაჰაბიტები ძალიან განსხვავდებიან იმ ტიპის ვაჰაბიტებისგან, რომელთა შესახებაც ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში გვესმის. მათ ვაჰაბიზმში პოლიტიკა ნაკლებად არის, ძირითადად მაინც არის რელიგია. თუმცა ეს დაღუპული ყმაწვილები ამ ჯგუფის წევრები იყვნენ. ხელისუფლებამ ამ ძალაზე დაყრდნობით გადაწყვიტა ხეობის კონტროლი. ხელს უწყობდა რომ მათი ავტორიტეტი არ შელახულიყო. ვამბობდი, რომ ეს არის სახიფათო თამაში, რომელიც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანდა. ხელოვნურად თუ ფაქტიურად, ახლა ეს შედეგი მივიღეთ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „მეცხრე არხის" ეთერში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა ოჯახის წევრები ვაჰაბიტების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და შვილების გარდაცვალებაში გარკვეულწილად მათ ადანაშაულებენ.