საქართველოს პრეზიდენტი კოტეხის ღვინის ქარხანას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მევენახეებთან ერთად ყურძნის ჩაბარებისა და დაწურვის პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურად, თავადაც მიიღო მონაწილეობა და ფერმერს ყურძნის ტრანსპორტირებაში დაეხმარა. ქვეყნის პირველი პირი ქარხნის მესვეურებსაც გაესაუბრა და ყურძნის ჩაბარების პირობებითა და ღირებულებით დაინტერესდა. ინფორმაციაამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქარხანაში მყოფი გლეხებისგანაც მოისმინა.
„ყურძენს ახლა 65 თეთრად იბარებენ, ვაუჩერით კი ლარამდე ავალთ. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავლის 30 პროცენტი სტიქიის შედეგად განადგურდა, რაოდენობა იმდენივეა, რამდენიც შარშან იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ გასაღების ბაზრები გაჩნდა, და რუსეთის ემბარგომ მაინც ვერ გაგვტეხა. აი, ეს არის მთავარი. ჩვენ ყოველთვის ვვარაუდობდით, რომ კახეთში ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. საუკეთესო ჯიშები გვაქვს, უბრალოდ, ბაზრები გვჭირდებოდა. შაქრიანობას ლაბორატორია ამოწმებს. ჩვენ კიდევ რამოდენიმე წელიწადი გვჭირდება და კარგი რეკლამის პირობებში, დარწმუნებული ვარ, ყურძნის ფასი 2 ლარზეც ავა. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ რამხელა საგანძურს ვფლობთ. მთავარია ის, რომ მოსავლის გადარჩენილი 70 პროცენტი, დაახლოებით, იგივეა, რაც შარშან მოვიწიეთ. მაგალითად, ერთმა მევენახემ 3 ტონა ყურძენი მოკრიფა შარშანაც და წელსაც, მაგრამ შარშან ათას 600 ლარი აიღო, წელს კი - 3 ათასი. ყველაზე მაგარი ღვინო გვაქვს მსოფლიოში, ამაში დარწმუნებული ვარ. სპეციალურად ვაჭაშნიკებ ყველგან და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მართლაც კახური ღვინო მართლაც საუკეთესოა. ამას ევროპელები ამბობენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგვიანებით, პრეზიდენტი ლიბერთი ბანკის გურჯაანის ფილიალში ფერმერთან გია ჩალათაშვილთან ერთად მივიდა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ვაუჩერის განაღდების პროცესსაც დაესწრო. ჩაბარებული ყურძნისთვის მევენახეები საფასურს ქარხნისგან იღებენ, სახელმწიფო კი, ვაუჩერის მეშვეობით, კილოგრამ კურძენზე, მათ კიდევ 35 თეთრს უმატებს, რაც ყურძნის ღირებულებას, დაახლოებით, ერთ ლარამდე ზრდის. სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებულ თანხას მევენახეები სწორედ ლიბერთი ბანკში იღებენ.
„3-4 წელიწადში ყურძნის ფასი ორი ლარი უნდა გახდეს და სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს. ეს კომპლექსური პროცესია. უფრო მეტი ფული უნდა ჩაიდოს რეკლამაში, რადგან ყოველთვიურად, ღვინის გასაღების უფრო კარგი მაჩვენებლები გვაქვს უცხოეთში, ახალ ბაზრებზე გავდივართ გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისში, დსთ-ს ქვეყნებში. სხვათაშორის, ყველაზე მეტად წავიდა ევროპასა და ამერიკაში. ახალი ბაზრებიც ვიპოვეთ და სამხრეთ კორეაშიც გაგვაქვს ახალი პარტიები. ორი წლის წინათ იმავე რაოდენობის ყურძენში 1200 ლარს აიღებდით. ახლა ფასი გაორმაგებულია. თუკი ნახევარ ჰექტარში აიღებ ამდენს, ეს უკვე შეღავათია. როდესაც შემოსავალი იზრდება, მეტი ვენახები უნდა გავაშენოთ. კომპენსაციაც ამიტომ გავეცით და დაზღვევაც უნდა შემოვიღოთ მევენახეებისთვის. ამ დღეების განმავლობაში კახეთში ვაპირებ ყოფნას და რთველის მონიტორინგს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროეტებზეც გაამახვილა, რომლებიც კახეთში ხორციელდება. მან რეგიონის აღმშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთი მალე საუკეთესო ადგილი გახდება ყველა თვალსაზრისით.