თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში კახეთის გუბერნატორის მ/შ გიორგი სიბაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, სკოლის შენობასთან შეიკრიბნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლაფანყურში შესაძლოა პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდეს.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. სოფლის თავზე სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს.
ლაფანყურთან ახლოს, ლოპოტას ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი. ასევე, შსს-ს ცნობით, 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6 კი - ალყაშია.
გუშინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არასოდეს არ დაუშვებს შეიარაღებული პირების თარეშს საქართველოს ტერიტორიაზე.