ხვალ, 26 აგვისტოს, რუსეთის მხრიდან მის მიერვე ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან ოთხი წელი სრულდება. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობა აღიარა.
"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა, რეფერენდუმის შედეგებზე და თავიანთ რესპუბლიკათა პარლამენტების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. რუსეთის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირეს ამ თხოვნასა და მიმართვებს", - განაცხადა მედვედევმა 2008 წლის 26 აგვისტოს გამართულ ბრძანებულების ხელმოწერის ცერემონიალზე.
მედვედევმა აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება და დასძინა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები გამაგრებულია საეთაშორისო აქტებით.
"აფხაზი და ოსი ხალხის თავისუფალი ნების გათვალისწინებით, გაეროს წესდების ხელმძღვანელობით, 1970 წლის დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოთა შორის მეგობრულ ურთიერთობებს ეხება, 1975 წელს მიღებული ჰელსინკის აქტის გათვალისწინებითა და სხვა საერთშორისო ფუნდამენტალური დოკუმენტების მიხედვით, მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს მხარი დაეჭირათ და მიებაძათ მისი მაგალითისთვის.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებამდე და ბრძანებულებების ხელმოწერამდე მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტს, არ გაეთვალისწინებინა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის დუმის მიერ მიღებული რეკომენდაციები.
მედვედევის გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ვანუატუმ და ნაურუმ აღიარეს. სხვა სახელმწიფოები კვლავინდებურად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს სეპარატისტულ რეგიონებთან არა მხოლოდ თანამშრომლობას, არამედ ორივე სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ბაზების მოწყობას. იგი სრულად აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ რეგიონებთან.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს შემადგენელი ორი რეგიონის მიმართ - "ეს არის პირველი მცდელობა ევროპაში, ნაცისტური გერმანიისა და სტალინის საბჭოთა კავშირის შემდეგ, როცა დიდმა სახელმწიფომ ერთპიროვნულად, ძალის გამოყენებით, სცადა ჯერ მთლიანად დაჩოქება და განადგურება მეზობელი ქვეყნისა და შემდეგ ცდილობს მისი რეგიონების ღიად ანექსიას, ესე იგი, შიდაევროპული საზღვრების შეცვლას".