აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს. მისი თქმით, ვაშინგტონი მომხდარს „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება.
„ვფიქრობ, რუსეთმა, ცხადია, მსოფლიოს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ისლანდიაში.
რუბიოს თქმით, აშშ-ს აქვს შესაბამისი „ზომები“, რომლითაც რუსეთს დახმარებას გაუწევს, თუ დადგინდება, რომ ვითარება იმაზე უფრო სერიოზულია, ვიდრე ამ დროისთვის არის ცნობილი. თუმცა, მისი თქმით, ვაშინგტონს დამატებითი ინფორმაციის მიღება სჭირდება, ვიდრე დახმარების აღმოჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება და აღნიშნა, რომ ციმბირში განვითარებული მოვლენები „რუსეთისთვის დიდი პრობლემაა“.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალის გარდაიცვალების მიზეზი შავი ჭირი გახდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა.
დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინი გამოაცხადა.
შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი თითქმის 200 ადამიანი კი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.
ამასთან, შიპილოვას ჭირით დაინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თითქმის არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.