„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ინგა გრიგოლიამ დღეს თანაგუნდელებთან ერთად, ახმეტელის კინოთეატრში გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას ინგა გრიგოლიამ ყურადღება კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ ტარიფებსა და იმ დავალიანებაზე გაამახვილა, რომელიც გლდანის მოსახლეობას წლებია დაგროვილი აქვს და ამის გამო დენი არ მიეწოდებათ.
გრიგოლიამ ამომრჩეველთან დადო პირობა, რომ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ადამიანს ჩამოეწერება დაგროვილი დავალიანებები. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში მოხდება „ენერგო პროსა" და „თელასის" აქციების გამოსყიდვა, რაც თითოეული ადამიანის ყოფითი ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს.
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, მას არ უკვირს როდესაც ნაციონალური მოძრაობა ოქროს ხანაზე საუბრობს, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის ეს მართლაც ოქროს ხანაა, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.
„რომელ ოქროს ხანაზე მესაუბრებით, როდესაც ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ყოველი თვის ბოლოს მუხლები უკანკალებთ უსამართლოდ გაზრდილი ტარიფების გადასახადის გამო. თუმცა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ნამდვილად ცხოვრობს ოქროს ხანაში და მე მას კიდევ ერთხელ ვურჩევ დროულად მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და ჩახედოს მწარე რეალობას თვალებში" - განაცხადა გრიგოლიამ.