2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლაგოდეხში კენჭს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილი იყრის. გოზალიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა.
„არჩევნებში კენჭისყრაზე შემოთავაზება ნამდვილად მაქვს", - განაცხადა გიორგი გოზალიშვილმა.
გიორგი გოზალიშვილი დაიბადა 1954 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ლაგოდეხში. 1973-79 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1980 წელს დაინიშნა ლაგოდეხის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმ-თერაპევტად. 1982-90 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ. 1991 წლიდან დაინიშნა ლაგოდეხის რაიონის მთავარ ექიმად. 1994 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კახეთის სამხარეო ცენტრის დირექტორად. 1998-2001 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 2001 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კახეთის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორად. 2004 წლის აგვისტოში აირჩიეს შპს „ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008 წლის 29 თებერვალს დაინიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2008 წლის 26 მარტს არჩეულ იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2010 წლის ივნისიდან 2012 წლის 23 აგვისტომდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან" ლაგოდეხში კენჭს ლუკა კურტანიძე იყრის.