9 აპრილიდან თბილისში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა დაიწყება.
მიტინგების ორგანიზატორები მერობის ერთიანი კანდიდატების გამოვლენის მიზნით პრაიმერის ჩატარების ინიციატორი პარტიები: "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" არიან.
როგორც "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც აღნიშნულმა პოლიტიკურმა ძალებმა სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით "საქართველოს გადარჩენის გეგმა" გამოაქვეყნეს, საპროტესტო აქციები პრევენციული ხასიათის იქნება.
"აქციები იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვეღარ შესძლოს", - განაცხადა ძიძიგურმა.
საპროტესტო მიტინგების მორიგი ტალღა დედაქალაქში ისევ გაზაფხულზე, ისევ 9 აპრილს დაიწყება და 26 მაისს "გრანდიოზული, გამაფრთხილებელი აქციით" დასრულდება.
პრაიმერის ინიციატორი პარტიები საპროტესტო მიტინგებზე მისვლისკენ საზოგადოების გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიციის დარჩენილ ნაწილსაც მოუწოდებენ.