დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქალაქ ფოთში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრმა ქალაქის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც გზების, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების აღდგენას მოიცავს. გარდა ამისა, ფოთის ცენტრში შენდება იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, კინოთეატრი, სასტუმრო და რამდენიმე მაღაზია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე ქალაქის ცენტრში მდებარე ფოთის ისტორიულ ტაძარს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულებს და ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა. მან ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და ქალაქში რეკრეაციული პარკის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ფოთის ახლად აშენებულ საავადმყოფოში მივიდა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში პირველი სექტემრბიდან პაციენტთა მზარდი ნაკადის მისაღებად სამედიცინო პერსონალის მზადყოფნა შეამოწმა.