ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიმართავს უკრაინის რადას, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, იულია ტიმოშჩენკოსა და ვიკტორ იუშჩენკოს ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის, ტიმოშჩენკოსა და იუშჩენკოს პოლიტიკური ჯგუფი ნათესაურ და ბიზნეს-კრიმინალურ სტრუქტურას წარმოადგენს.
ნათელაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ქართულ სპეცრაზმთან ერთად დარბევაში აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლებიც.
"როგორც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, სააკაშვილ-ტიმოშჩენკო-იუშჩენკოს ტრიო არა მარტო წარმოიშვა საერთო პოლიტიკური მშობლებისაგან, არამედ, იგი წარმოადგენს პოლიტიკურ, ნათესაურ, და ბიზნეს-კრიმინალურ სტრუქტურას. უფრო მეტიც, მათი პოლიტიკური პოლიცია და სპეცსამსახურები მუშაობენ საერთო სარდლობის ქვეშ, რაც სულ ახლახანს დაადასტურა ქართველი ზონდერების სტუმრობამ დონეცკში. ამასთან, 2007 წელს 7 ნოემბერს, როდესაც სააკაშვილმა ქიმიური იარაღით დაარბია მშვიდობიანი პოლიტიკური მიტინგი ქართულ სპეცრაზმთან ერთად, დარბევაში აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინული სპეცრაზმის მებრძოლებიც, რომლებიც მანამდე დაბანაკდნენ "ალექსეევკას" სამხედრო აეროდრომზე. ლეიბორისტული პარტია სთხოვს უკრაინის რადას, დაუყოვნებლივ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს ამ ჯგუფის საერთო დანაშაულებათა მთელ სპექტრს, უკანასკნელი წლების განმავლობაში", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.