ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის წარდგენას 3 თებერვლიდან დაიწყებს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, დოკუმენტი თავდაპირველად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინება.
"ევროსაბჭოში მოხდება დოკუმენტის შეფასება და მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელაბაში ევროსაბჭოს როლი განისაზღვროს", - განაცხადა კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია განსახილველად ეუთოს, გაეროს, ნატოსა და ევროკავშირსაც წარედგინება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია წინა კვირას დაამტკიცა.