საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ წინადადებას გლობალური უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად აფასებს.
"ჩვენ შეგვიძლია ნატოსთვის ავღანეთში სამხედრო ტვირთების გადასაზიდად საქართველოს საჰაერო და სატრანსპორტო ინფრაქსტრუქტურის სატრანზიტო პუნქტად გამოყენების შეთავაზებით, გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს უპირველესად, უსაფრთხოების რეგიონში განმტკიცებას შეუწყობს ხელს", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ალიანსისთვის აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას, ოფიციალური თბილისის შეფასებით, სააკაშვილის ეს ინიციატივა მოსკოვის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა ამის მიუხედავად, იმედს გამოთქვამს, რომ გლობალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე რუსეთი მას "გაგებით მოეკიდება".
გარდა ამისა, კალანდაძის განმარტებით, აღნიშნული წინადადება ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ უკვე გააცნო.
ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის განხილვა თავად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც მოხდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა სატრანზიტო პუნქტად, ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად.
საუბარია სარტრანსპორტო დერეფნის შექმნაზე, რომლის გამოყენებაც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით მოხდება.