საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით წაყენებული მორიგი ბრალდების "არგუმენტს" უწუნებს.
"ბუნებრვია, რომ ადამიანი მაშინ იღებს საზღვარგარეთის პასპორტს, როცა ის უცხო ქვეყანაში წასვლას აპირებს. თუ უკრაინის გენერალურ პროკურატურას ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდების არგუმენტი დამაჯერებლად მიაჩნია, ან მას საერთოდ არგუმენტად მიიჩნევს, ეს მისი საქმეა. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განუცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრების პასპორტების უმეტესობა 2009 წლის დეკემბერშია გაცემული, რის გამოც მეზობელი ქვეყნის ძალოვანი უწყება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში "სხვა მიზნით" იმყოფებოდნენ.