საქართველოს პრემიერ მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გურჯაანში საგანგებო შტაბის სხდომა გამართა.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კახეთის რაიონების გამგებლებისგან მოისმინა ინფორმაცია სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელისუფლება იმოქმედებს იმ გეგმით, რომელიც 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის დროს იქნა გამოყენებული.
"სტიქიის დასრულებისთანავე სამშენებლო ჯგუფები დაიწყებენ დაზიანებული სახურავების შეკეთებას, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო დანაყოფები დაიწყებენ გზების გაწმენდით სამუშაოებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას და განსაზღვრავენ ვენახების გადასარჩენად შემდგომი მოქმედების გეგმას, ენერგეტიკის სამინისტროს ჯგუფები დაიწყებენ ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყებს მიყენებული ზარალის შესწავლას და აღწერას, რათა დროულად მოხდეს კომპენსაციების გაცემა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებს პრეზიდენტის განკარგულებით კოორდინაციას ლევან ბეჟაშვილი გაუწევს.