კახეთი სტიქიამ კიდევ ერთხელ დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ზიანი გურჯაანის, ლაგოდეხის და ნაწილობრივ საგარეჯოს რაიონის სოფლებს მიაყენა. სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა, დაზიანდა ელექტროსადენები, ინფრასტრუქტურა და გზები, განადგურდა მოსავალი.
მძიმე მდგომარეობაა გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში, სადაც ათეულობით ოჯახს სერიოზული ზიანი მიადგა. სეტყვას თან ძლიერი ქარი ახლდა, რის გამოც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დრომდე კახეთის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დასეტყვილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მარცვლეული კულტურა.
სტიქიამ დააზარალა საგარეჯოს რაიონის სოფელი ვერხვიანიც. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები გაანადგურა. ქარმა ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სოფელ ვერხვიანში რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია მთლიანად გამორთული იყო.
კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.
გუშინ გვიან ღამითვე დაზარალებული საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონების სოფლების - ყანდაურასა და ჩუმლაყის მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. ვანო მერაბიშვილი ადგილობრივებს დახმარებას დაჰპირდა. გვიან ღამითვე საქართველოს პრემიერმა გურჯაანში საგანგებო თათბირი გამართა და ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დავალებები მისცა. მერაბიშვილის განცხადებით, არც ერთი ოჯახი დახმარების გარეშე არ დარჩება.
საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ნალექიანი ამინდი დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმასთან ერთად ქარია ნავარაუდევი. უხვი ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა + 27 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსები გამოდარებას 24 აგვისტოდან პროგნოზირებენ.