თელავის რაიონის სოფელ ართანაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ჰექტარზე ტყე დაიწვა. დამწვარია წიფლის, რცხილას და წაბლის ხეები. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ გაუცხადა, ხანძარი ამ დროსთვის მთლიანად ჩამქრალია.
ტყეში ცეცხლი 2 დღის წინ გაჩნდა და მის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და კახეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები გუშინ, გვიან ღამემდე ცდილობდნენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც გამოიყენეს.
„ძლიერი ხანძარი იყო. ტყე 2 დღის განმავლობაში იწვოდა. მესამე დღეს მოვახერხეთ მისი ლოკალიზება. ღამით მოსულმა წვიმამ ხანძრის ჩაქრობა გაგვიადვილა. ხანძარი ტყეში მწყემსების დაუდევრობით გაჩნდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ახალმოსულიშვილმა.