საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით ადგილზე გაეცნო კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და რამდენიმე ის ობიექტი დაათვალიერა, რომლებიც მალე ამოქმედდება.
მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე გამოქვეეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 24-საათიანი რეჟიმით ასრულებენ. ბახმაროში უახლოეს პერიოდში იგეგმება კინოთეატრის, სასტუმროს, კაფეს, სპორტული მოედნის, ამბულატორიისა და აფთიაქის, სუპერმარკეტის გახსნა.
კურორტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ასეულობით ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.
პრეზიდენტი ბახმაროში პროქტის „მეამაყება საქართველო" მონაწილე ახლგაზრდებს შეხვდა და მათ ამ და სხვა კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდებს ინიციატივაც შეუქო და ყურადღება ტურიზმის განვითარებაზეც გაამახვილა.
ახალი პროექტი ბახმაროდან დაიწყო და საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ბახმაროში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან მოიყარეს თავი და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. მათთან ერთად პროექტში ადგილობრივებიც იღებენ მონაწილეობას. დღესვე ბახმროში ერთდროულად რამდენიმე ფოლკლორული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.