უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურისთვის დამატებით 255 უცხოელი დამკვირვებელი დაარეგისტრირა, თუმცა მათ სიაში ქართველები ისევ ვერ მოხვდნენ.
რეგისტრირებულ, 35 უცხოელ დამკვირვებელს შორის 26 ლიტვიდან, 3-3 სლოვაკეთიდან და აშშ-დან, 2 დიდი ბრიტანეთიდან და 1 - საფრანგეთიდანაა.
აღნიშნულის გარდა, შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა ასევე 217-მა დამკვირვებელმა, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების რანგში დააკვირდებიან.
უცხოელი დამკვირვებლების საერთო რაოდენობამ არჩევნების მეორე ტურისთვის 3 486 ადამიანს მიაღწია.
საერთაშორისო დამკვირვებლების განაცხადების მიღების ვადა 30 იანვარმდე იყო განსაზღვრული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, საბოლოო გადაწყვეტილებები 2010 წლის 1-ელი თებერვლის ჩათვლით უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქართველი დამკვირვებლების მონიტორინგის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
საკითხი რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ცესკოს სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მისი განხილვა მიზეზების დაკონკრეტების გარეშე გადაიდო.