ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევნების შემდგომ, ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ სენატორ რიჩარდ ლუგართან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ხმის დათვლის პროცესში არ უნდა მოხდეს დარღვევები და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ზუსტად უნდა აისახოს შედეგებზე. ვისაუბრეთ ასევე რუსეთის ოკუპაციაზეც და იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საქართველოში ყველა წრის წარმომადგენელს ბიზნესში თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეს.
"მონოპოლიებმა უნდა დატოვონ ქართული პოლიტიკაც, მედიაც და ბიზნესიც. ამაში სენატორ რიჩარდ ლუგარის მხრიდან სრული მხარდაჭერაა. სენატორი ემხრობა იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ხმები სწორად დაითვალონ", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ სენატორ რიჩარდ ლუგარის შეხვედრა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შედგა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე.