თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, დღეს, 11 აგვისტოს, 11:00 საათზე, დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაული "თიანეთობა 2012" გაიმართება. ღონისძიების მიზანია, რეგიონში ტრადიციების აღდგენა-განვითარება, როგორიცაა ადგილობრივი ფოლკლორი, ხალხური პოეზია, ხალხური სპორტული თამაშები, ხალხური რეწვა, ტრადიციული სამზარეულო და საყოფაცხოვრებო საქმიანობა, ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობა.
სახალხო ზეიმი დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით დაიწყება და მთელ დღეს გასტანს. დაგეგმილია შეჯიბრება ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, 12:00 საათზე კი გაიმართება დოღი.
გარდა ამისა, ჩატარდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა სახალხო კონკურსი ლუდის სმაში, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო ჯილდოები. ბავშვებისთვის მოეწყობა საცირკო სანახაობები და შოუ-კონცერტები.