9 აგვისტოს ვისოლ ჯგუფმა ახალციხეში სასტუმრო „ლომსია" გახსნა. სასტუმრო „ლომსია" 63 ნომრიანია და 150-მდე სტუმარზეა გათვილილი. „ლომსიას" პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მანფრედ რონშტედტი და ქართველი არქიტექტორი თენგიზ კვანტალიანი მუშაობდნენ. სასტუმროს მენეჯერად კი ვისოლ ჯგუფმა ფრანგი სპეციალისტი ჟან პიერ რიშეტონი მოიწვია, რომელსაც დასავლეთ ევროპაში სასტუმროების ქსელის მართვისა და განვითარების 35 წლიანი გამოცდილება აქვს.
„ახალციხეში ასეთი დონის სასტუმრო პირველია. ის სტრატეგიულად მოსახერხებულ ადგილზე მდებარეობს. ისტორიულ ქალაქში მსგავსი სასტუმროს არსებობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას",- აცხადებს ჟან პიერ რიშეტონი.
სასტუმროს მშენებლობისათვის ვისოლ ჯგუფმა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქს ოთახებისა და აპარტამენტების გარდა, "ლომსია" რამდენიმე რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს რესტორანი „თამარი" დამსვენებლებს, როგორც ტრადიციულ ქართულ მენიუს, ისე ევროპულ კერძებსაც სთავაზობს. სასტუმროს შიდა ბარი და ტერასა მომხმარებლებს დამატებით კომფორტს უქმნის. სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის მაისში დაიწყო და 2012 წლის აგვისტოში დასრულდა.
სასტუმროში 60-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ყველა მათგანს სპეციალური ტრენინგის პროგრამა ჩაუტარდათ.