საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაში სოფლების - ხვანჭკარას, კვაცხუთი და ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდა . პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას რაჭაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს რაჭა. ყველგან რაჭაში ვაკეთებთ ჩვენ გზას, ყველგან, რაჭაში ჩვენ მივალთ კარგი გზით. ყველგან რაჭაში, ყველა სოფელში ჩვენ გავაკეთებთ კარგ წყლის სისტემას, რომ საერთოდ, წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ 21-ე საუკუნეში, აქ მოიხსნას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ყველგან რაჭაში მივა გაზი და უახლოეს თვეებში ყველა სახლში შევა გაზი.
"თითო ბალონი რაც გიჯდებათ თვეში ზუსტად ისეთივე იქნება გაზის შეყვანის საფასური ყველა ოჯახში. ყველა სკოლა რაჭაში იქნება ისეთივე როგორიც შვეიცარიაში, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ქულები, ყოველთვის ეროვნულ გამოცდებში ტრადიციულად ჰქონდათ რაჭველ ბავშვებს. წელს რთველი უნდა ჩავატაროთ უფრო ღირსეულად ვიდრე ოდესმე იმიტომ რომ ეს ეროვნული ღირსების საკითხია",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში.