ოფიციალური თბილისი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ პარიზში გამოსვლისას გაჟღერებულ ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკას მხარს უჭერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"აშშ-სთვის ევროპული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის უპირველესი პრინციპი ყველა "ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა".
აშშ მხარს უჭერს ახალ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომლებიც იღწვიან შექმნან საკუთარი პოლიტიკური მომავალი და ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ საგარეო დაშინების და აგრესიისგან. ამასთან მიმართებაში, აშშ მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და უარს ამბობს აღიაროს რუსეთის არგუმენტები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, აშშ ეწინააღმდეგება ევროპაში გავლენის სფეროების ჩამოყალიბებას, რომელშიც ერთი ქვეყანა ცდილობს გააკონტროლოს მეორის მომავალი. აშშ ევროპის უსაფრთხოების მეორე პრინციპად ასახელებს უსაფრთხოების განუყოფლობას და თვლის, რომ საერთო ინტერესი საუკეთესოდ მიიღწევა უკვე არსებული ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიც არის ეუთო და ნატო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, თბილისი კლინტონის იმ შეფასებასაც ეთანხმება, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო არა მარტო უდიდესი ტრაგედია, არამედ რუსეთის ქმედებებმა შექმნეს დამატებითი წინაღობა სრულყოფილი უსაფრთხოების მისაღწევად.
"აშშ არ იზიარებს რუსეთის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება მას საფრთხეს უქმნის, არამედ თვლის, რომ ამან გაზარდა რუსეთის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. კლინტონის განცხადებით, "ნატო იქნება ღია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს წევრი და შესწევს დააკმაყოფილოს გაწევრიანების მოთხოვნები". აშშ მიიჩნევს, რომ ეუთოს როლი არათუ არ უნდა შესუსტდეს, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან ჰელსინკის საბოლოო აქტში ჩადებული პრინციპები და ვალდებულებები არის ევროატლანტიკური საზოგადოების საუკეთესო მიღწევა. აშშ გამოდის წინადადებით, რომ გაძლიერდეს ეუთოს ეფექტურობა უსაფრთხოების, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების სფეროებში. ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტად აშშ მიიჩნევს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შესრულება რუსეთმა 2 წლის წინ შეწყვიტა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია მიესალმება იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა რუსეთთან ურთიერთობებში მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათ შორის არსებობს უთანხმოებებიც და აშშ ყოველმხრივ ეცდება ეს უთანხმოებები მოგვარდეს კონსტრუქციული გზით.
აშშ მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს თანამშრომლობისკენ, რათა ჩამოყალიბდეს არა მარტო უსაფრთხო, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული ევროპა, არამედ ევროატლანტიკური ალიანსი, რომელიც მთლიანობაში იქნება უფრო მეტი, ვიდრე ცალკეული სახელმწიფოების ჯამი.
კლინტონის განცხადებით, ევროპის უსაფრთხოება წარმოადგენს აშშ-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს და ეს არის აშშ-ს არა მარტო სტრატეგიული ინტერესი, არამედ ფასეულობაც", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონმა აღნიშნული განცხადებები 29 აპრილს, პარიზში გამოსვლისას გააკეთა.