საქართველოს უშუშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლას თავხედურ განცხადებას უწოდებს. ბოკერიას განცხადებით, პუტინის აღიარების შემდეგ ნათელი ხდება, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოს ანექსიისთვის.
"ასეთი ღია და თავხედური განცხადება განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. ასე დეტალურად გეგმის აღწერა, თუ როგორ ემზადებოდნენ ამ ოკუპაციისთვის, ცხინვალში როგორ ამზადებდნენ დაჯგუფებებს, ასეთი აღიარება მას ჯერ არ გაუკეთებია. ამის შემდეგ ერთგვარი პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ზოგიერთები ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, თუ ვინ იყო 2008 წლის აგვისტოში აგრესორი. არაერთხელ ვნახეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განცხადებები, თუ რისი მიღწევა უნდოდათ მათ.რუსები აქამდეც საუბრობდნენ იმაზე, რომ მედვედევმა ამით ნატოში საქართველოს ინტეგრაცია შეაჩერა", - აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ: პუტინმა დღეს აღიარა, რომ რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა ის, რომ რუსეთი ოს სეპარატისტებს საბრძოლველად ამზადებდა და წვრთნიდა. საქართველოში შემოჭრის გეგმა რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, 2008 წლამდე გაცილებით ადრე ჰქონდა.
"ეს საიდუმლო არ არის: გეგმა იყო და სწორედ მის ფარგლებში ვმოქმედებდით. გეგმა გენშტაბმა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მე შემითანხმა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ოს მოხალისეებს ვამზადებდით",_ განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.