ვლადიმერ პუტინმა დღეს აღიარა, რომ რუსეთს საქართველოსთან ბრძოლის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღიარა ის, რომ რუსეთი ოს სეპარატისტებს საბრძოლველად ამზადებდა და წვრთნიდა. საქართველოში შემოჭრის გეგმა რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, 2008 წლამდე გაცილებით ადრე ჰქონდა.
"ეს საიდუმლო არ არის: გეგმა იყო და სწორედ მის ფარგლებში ვმოქმედებდით. გეგმა გენშტაბმა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში შეიმუშავა და მე შემითანხმა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ოს მოხალისეებს ვამზადებდით",_ განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.