საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გუშინდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის ხედვა და დამოკიდებულება საქართველოსადმი, რეგიონისადმი და რუსეთის პოლიტიკისადმი. კერძოდ ის, რომ ამერიკა არასოდეს დაუჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.
"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამერიკის მსგავს მკაფიო, უცვლელ პოზიციასა და მხარდაჭერას. სწორედ ასეთი მტკიცე პოლიტიკის გამო, ამერიკა არ მისცემს რუსეთს უფლებას, მოახდინოს რეგიონის გავლენის სფეროებად დაყოფა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორედ ეს პოლიტიკა და მიდგომა არ მისცემს კრემლს ეთნოწმენდის შედეგად 500 000 ქართველის დევნილობის და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონების საშუალებას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა 29 იანვარს პარიზში, სამხედრო სასწავლებლის კურსანტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ უარს ამბობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვაზე.
კლინტონის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს ვერ დაემთხვევა. ამის მაგალითად კი, კლინტონმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანკლავების მხარდაჭერა დაასახელა.
"ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში აღებული ვალდებულებები შეასრულოს და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენ წინააღმდეგები ვართ ევროპაში გავლენის სფეროების არსებობაზე, სადაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის მომავლის განსაზღვრა შეუძლია",- აღნიშნა კლინტონმა.