საქართველოს პრეზიდენტი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილსა და კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოების მიმდინარეობით დაინტერესდა და მათ ამ სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 10 დღეში სრულად იქნება შემუშავებული დაზარალებულთა ბაზა და ფულადი კომპენსაციები სექტემბრის პირველ ნახევარში უკვე გაცემული უნდა იყოს.
„სექტემბრის პირველ ნახევარში უკვე დამთავრებული უნდა იყოს კომპენსაციების გაცემა. ხალხი მაგ დროისთვის ელოდებოდა რთველს და ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ფული მიიღონ. ეს პროცესი უსაშველოდ არ უნდა გაჯანჯლდეს. სასუქების და შესაწამლი ნივთიერებების დარიგების პროცესიც თითქმის დასრულდა. ამას გარდა, სახელმწიფო სასწავლებლების სტუდენტებს დავპირდით, რომ გადასახადისგან გავათავისუფლებდით. დაახლოებით 900 სტუდენტი უკვე აღრიცხულია. 1 სექტემბრისთვის სრულყოფილი სურათი გვექნება იმის თაობაზე, თუ რამდენი სტუდენტი გათავისუფლდება გადასახადისგან. სახელმწიფო სასწავლებლებში ამის გაკეთება შეგვიძლია, ხოლო კერძო სასწავლებლებში თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. პირადად მე მათაც მივცემდი რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად კეთილგანწყობით შეხედონ არსებულ ვითარებას და შევიდნენ დაზარალებულთა მდგომარეობაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეროვნულ ბანკთან, გაფრთხილებულია ყველა ბანკი და ზუსტდება იმ პირთა სია, რომლებსაც აგროსესხი აქვთ გამოტანილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს, ამ მხრივ, ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად არის აღდგენილი და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს.
ამას გარდა, პრეზიდენტმა ახალი ვენახების გაშენებისა და მწვანე ნარგავების გაახლების საკითხიც დასვა.
„რეალურად, იმ უბედურების შემდეგ, რაც იქ ვნახეთ, ინფრასტრუქტურა ბევრად უკეთესი უნდა გახდეს და გაძლიერებული გამოვიდეთ. თელავი, როგორც ქალაქი, უკეთესი იქნება. ბევრი რამ უკეთესად უნდა გაკეთდეს, გზები უნდა დავაგოთ, ასევე ბევრად დაცული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, სახლები ახალი ტექნოლოგიით უნდა გავამაგროთ, რათა სხვა დროს, მსგავსი სტიქიის შემთხვევაში უფრო გამძლე იყოს. კიდევ ერთი დეტალი, რაც თვალში მომხვდა, არის მწვანე ნარგავების განადგურება. სექტემბერში უნდა შევესიოთ და ბევრი მწვანე ნარგავი გავაშენოთ - თელავს უხდება სიმწვანე. თავადაც სიამოვნებით მივიღებ ამ აქციებში მონაწილეობას. ჩვენ ერთი წუთით არ შევასუსტებთ ყურადღებას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ დაზარალებულებიც და არადაზარალებულებიც ყოველთვის გვახსოვს. წელს სამაგალითო რთველი უნდა ჩავატაროთ. იმედი გვაქვს, რომ წინა წლებთან შედარებით, ყურძნის ფასი ბევრად გაიზრდება. ასევე უნდა დავაბინაოთ მოსავალი. ღვინის გაყიდვის მაჩვენებელი მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, უკვე ამ წლიდან ქართული ღვინის გაყიდვის პრობლემა საერთოდ აღარ გვექნება. ჩვენ არა მხოლოდ ძველი ვენახები უნდა აღვადგინოთ, არამედ ბევრი ახალიც უნდა გავაშენოთ და ხელი შევუწყოთ ხალხს. ახალი ტექნოლოგიები უნდა ავითვისოთ, მათ შორის, მეღვინეობის მიმართულებით, ასევე უნდა შემოვიტანოთ ხეხილის ახალი ჯიშები და დავეხმაროთ სოფელს, რომ გავაძლიეროთ მეურნეობის სადგურები. ამ ძალიან უსიამოვნო მდგომარეობიდან კახეთი დამშვენებული და გაძლიერებული უნდა გამოვიდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კახეთის მასშტაბით, უკვე დასრულებულია 3 ათას 943 სახლის გადახურვა, გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს 154 სახლზე. სრულად ახლდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა - თელავის ტერიტორიაზე ელექტროკომუნიკაციები უკვე მიწაში გადის, ხოლო სოფლების ტერიტორიაზე ისევ საჰაერო განაწილებაა. როგორც გიორგი სიბაშვილმა განმარტა, ეს უკავშირდება გამრიცხველიანების პრობლემას, თუმცა გადწყვეტილება მიღებულია და უმეტეს სოფლებში პარალელურად მოსახლეობის გამრიცხველიანებაც მოხდება. გამწვანების თვალსაზრისით, ოქტომბრიდან იწყება ფართომასშტაბიანი აქცია, რომელშიც ადგილობრივებმა გამოთქვეს სურვილი თავადაც ჩაერთონ მოხალისეების სტატუსით.