"რუსეთის ფედერაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ახალი პროვოკაციების განხორციელებას არ გამორიცხავს", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "იტარ-ტასისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარება ბოლო დროს იძლევა იმის კონსტატაციის საშუალებას, რომ სტაბილურობა ძალია მყიფეა, ატმოსფერა კი - დაძაბული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უცერემონიო დამოკიდებულებამ და მათმა მცდელობებმა ყველანაირი მეთოდით შეაღწიონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში კრიზისი შექმნა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზური მხარე იძულებული გახდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გენერალი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებინა. ამავე დროს ევროპელი დამკვირვებლები აბსოლუტურად უმოქმედონი არიან აქტიური ტერორისტული და დივერსიული საქმიანობის მიმართ, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონში ხორციელდება",_ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ თბილისი აქტიურად იყენებს საინფორმაციო დივერსიის მეთოდებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამუდმებით ავრცელებს ხმებს "შემოდგომაზე მოსალოდნელი ომის" შესახებ.
"ამავე დროს, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების არაპროგნოზირების გათვალისწინებით გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ თბილისი კვლავინდებურად უარს აცხადებს სოხუმთან და ცხინვალთან ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას.
ახლანდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია იწყება, მიმაჩნია, რომ დიდი იქნება ცდუნება იმისა, რომ რეგიონში ახალი პროვოკაციების მოწყობით შენს შიდაპოლიტიკურ მიზანს მიაღწიო", _ აცხადებს გრიგორი კარასინი.