კოალიცია "ქართული ოცნება", ხელისუფლების მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს. როგორც ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შუახევის სასტუმროში, სადაც „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ხელისუფლების მხრიდან მორიგი პროვოკაცია განხორციელდა.
,,საქმე ეხებოდა ახალგაზრდებში, სავარაუდოდ, ჩანერგილი პირის, ირაკლი დობორჯგინიძის ადგილიდან გაყვანას, თუმცა ეს ოპერაცია პოლიციამ ქურდობის ფაქტის დაფიქსირებად მონათლა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში მოძრაობდა გაურკვეველი წარმომავლობის მანქანით, რომლის ნომერია GVG 121. ის ახალგაზრდებს ისვამდა მანქანაში და ეკითხებოდა ეწევიან თუ არა ისინი „პლანს", აძლევენ თუ არა მათ ფულს და ა.შ. დაეჭვებულმა ახალგაზრდებმა მის მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რასაც მოჰყვა უსიამოვნება. პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო მომხდარი ფაქტით, ვითომდა ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე, რომლებიც მონაწილეობდნენ მოსასმენი აპარატურის აღმოჩენაში და არიან ამ ყველაფრის თვითმხილველნი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნმა, რომ კოლიციამ მომხდართან დაკავშირებით, უწყებათაშორის კომისიას მიმართა.