სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შს მინისტრი ოთარ ხეცია არ გამორიცხავს, რომ დღეს ჭუბურხინჯის რაიონში მომხდარი აფეთქება საქართველოს სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული.
ხეცია მომხდარს "გალის მილიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ აქციას უწოდებს, ვინაიდან ისინი სწორედ ადგილობრივი მაცხოვრებლების ოჯახზე თავდასხმის შემდეგ გამოიძახეს".
"გალის რაიონის მილიციის თანამშრომლები სწორედ მაშინ აფეთქდნენ, როდესაც სახლს მიუახლოვდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ღონისძიებები საქმის გასახსნელად", _ აცხადებს ხეცია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოფელ ჭუბურხინჯში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი ადგილობრივი მოსახლე და ერთი ე. წ. მილიციელი. ამას გარდა დაჭრილია გალის ე. წ. მილიციის შვიდი თანამშრომელი.