დღეს, 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰეიკინი, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს, რაც საფუძველს ჩაუყრის თანამშრომლობას USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებაზე ხელმოწერილი ურთიერთგაგების თითოეული მემორანდუმი დეტალურად გაწერს პროექტთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს თემების ეკონომიკური განვითარების გეგმების შექმნის, შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების ჩათვლით. ბატონი ჰეიკინი ასევე დაესწრება დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურისა და ქვეშეთის თემების მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმების წარდგენას, რომელთა მიზანიცაა პერსპექტიული ეკონომიკური სექტორებისა და პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გამოვლენა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და პრიორიტეტული პროექტებისათვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტი უკვე აქტიურად მუშაობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ყველა შერჩეულ თემში. პროექტი გეგმავს მხარი დაუჭიროს იმ თერთმეტი (11) ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რომლებიც შეარჩიეს ადგილობრივმა თემებმა. აღნიშნულ საქმიანობებში პროექტი განახორციელებს დაახლოებით 220 000 აშშ დოლარის ინვესტიციას. განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებით ისარგებლებს რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 1 520 ოჯახი. გარდა ამისა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტი ტექნიკური დახმარების, გრანტებისა და ტრენინგების საშუალებით გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას ტურიზმის, მესაქონლეობის, მეფუტკრეობის, სათესლე კარტოფილისა და მებოსტნეობის განვითარების მიზნით.
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტს, USAID-ის მეშვეობით, აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. პროექტი შემუშავებულია ისეთი თემების დახმარების მიზნით, როგორიცაა ანანური და ქვეშეთი, რათა შესაძლებელი გახდეს თემების ჩართვა ეკონომიკური ბაზრების საქმიანობებში, ინვესტიციების მოზიდვა, და ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება, რომელთაც ექნებათ პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი. NEO ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებას ან განახლებას და მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც სარგებელს მოუტანს 85 შერჩეული თემის 70 000 ოჯახს საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში (დუშეთი, ყაზბეგი, ქარელი, გორი, ხაშური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ზუგდიდი და წალენჯიხა). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით, და გააძლიეროს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა თემების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივისა და სხვა პროექტების განხორციელების გზით, აშშ მთავრობა ხელს უწყობს ეკონომიკის სტაბილურ და ყოვლისმომცველ განვითარებას, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს.