ცხინვალის რეგიონში ადამიანის ბრუცელოზით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის "სამინისტროს" ვეტერინარიის განყოფილების გამგის, ვლადიმერ ლოლაევის ინფორმაციით, შემთხვევა ზნაურის რაიონის სოფელ ბეკმარში დაფიქსირდა.
"ეს ადამიანი ბრიუცელოზით შინაური ცხვრისგან დაავადდა. ჩვენ მისი შინაური ცხოველების ანალიზი ჩავატარეთ და დაავადების კერა აღმოვაჩინეთ", _ აცხადებს ლოლაევი.
მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში ცხინვალის რეგიონში ცხვარი ჩრდილო ოსეთიდან შეიყვანეს და ზნაურისა და ცხინვალის რაიონების მოსახლეობას დაურიგეს კომპენსაციის სახით 2010-2011 წლებში დახოცილი ღორების სანაცვლოდ. სულ 1300 თავი პირუტყვი დარიგრა.
"ალბათ, აქ შემოყვანილი ცხოველები ბრუცელოზით იყვნენ დაავადებული. დაავადებულმა მამაკაცმაც მიიღო მაშინ ცხვარი",_ განაცხადა ლოლაევმა და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ზომებს იღებენ.
ლოლაევი აღნიშნავს, რომ ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში შინაური ცხოველებისა და ადამიანის პირველი დაავადების შემთხვევაა.