აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურზე, ქვეითთათვის განკუთვნილი დამატებითი გადასასვლელები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი კომარევცევი მიიღო. საუბრის თემა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი იყო.
ანქვაბმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გადასასვლელები საზღვრის პერიმეტრზე განთავსდება.
"ყველასთვის მოსახერხებელი არ არის გალში ჩამოსვლა. ქვეითთათვის განკუთვნილ ახალ გადასასვლელებს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადალახვის გამარტივებისა და მთელს პერიმეტრზე კონტროლის გასაძლიერებლად მოვაწყობთ", _ განაცხადა ანქვაბმა.