აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა შაშიკაძე ადლიის დასახლებაში, აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. როგორც ზაზა შაშიკაძემ განაცხადა მოსახლეობის მთავარი პრობლემა გაზიფიცირება და წყლის სისტემის გაუმართაობაა. მისი თქმით დასახლებას რამდენიმე თვეა არ მიეწოდებათ სასმელი წყალი. ადგილობრივებისთვის სანდასუფთავების სისტემის მოუწესრიგებლობაც აქტუალური საკითხია. მათი ინფორმაციით ისინი არ სარგებლობენ დასუფთავების სამსახურის სერვისით, გაერთიანებული ქვითრის მიხედვით კი სანდასუფთავების გადასახადს მაინც იხდიან. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის დაბალი ძაბვით მიწოდებაზეც საუბრობს, რაც ხშირად ელექტრო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლას იწვევს.
ზაზა შაშიკაძე დეტალურად გაეცნო ადლიელთა პრობლემებს და მათ აღნიშნული საკითხების შესაბამის უწყებებში დაყენებას დაჰპირდა.
„ამ საკითხებს ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე და ხელისუფლების წარმომადგენლებს კატეგორიულად მოვთხოვთ ამ ადამიანების ბედით დაინტერესებას და მათი პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებების ჩატარებას." - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა შაშიკაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატები" მსგავს შეხვედრებს აჭარის მოსახლეობასთა ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ.