საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს პიტერ ლანგენბერგს და თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების უფროს ჯული ფიშერს შეხვდა.
შეხვედრა ჰოლანდიური და ამერიკული მხარეების ინიციატივით გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში ჯული ფიშერმა გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივა 12-13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის ღონისძიების გამართვის შესახებ.
აქვე აღინიშნა რომ აშშ-სა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 9-11 თებერვალს, ჰააგაში ზემოაღნიშნული სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ქართული მხარეც.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. პიტერ ლანგენბერგი დაინტერესდა ასევე 2010 წლის 14 იანვარს ბათუმში გამართული ენერგეტიკული კონფერენციის შინაარსობრივი მხარით და შედეგით, რაზეც ამომწურვი ინფორმაცია მიიღო.