საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს შეფასებით, საქართველოში მედიის განვითარების პროგრესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, ეს შეეხება მედიაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებასა და შემოქმედებითი თავისუფლების საკითხებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, აღნიშნული მოსაზრება საფრანგეთის ელჩმა მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე გამოთქვა. ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფისაგან ერიკ ფურნიემ პროფესიული კავშირის ჩამოყალიბების მიმდინარეობა, ამ პროცესში შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები მოისმინა.
საფრანგეთის ელჩის განხცადებით, საელჩო აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მედიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს და შესაბამის ანალიზსაც აკეთებს. მას მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია, ჟურნალისტური თავისუფლების საკითხები, როცა არ არის დაცული ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება რეპორტაჟებისა თუ საგაზეთო მასალების მომზადების პროცესში.