მთავრობის ახალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, რომლის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ტურისტული პოტენციალის ამაღლება, სოფლის განვითარება და დასაქმებაა, კურორტ უწერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, დავით გაგოშიძესთან ერთად უწერაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ზემო რაჭის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი უწერა, რომელიც ზღვის დონიდან 1042 მეტრზე მდებარეობს უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. უწერაში ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს მაღალი მთის ჰავა და 28 სახის მინერალური წყალი, რომელიც თვითდინებით მოედინება. ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ამორტიზებული გზა, სადაც გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ონი-უწერა-შოვის დამაკავშირებელი 10 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე დაიწყო. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და რკინა-ბეტონის მილების მოწყობა, შენდება ხელოვნური ნაგებობები. რეაბილიტაცია უტარდება მწყობრიდან გამოსულ 3 ხიდს და იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოებზე 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, რომელთა რიცხვი მშენებლობის პროცესში კიდევ უფრო გაიზრდება.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია შექმნის წინაპირობას კურორტ უწერაში და მთელს რეგიონში, მოწესრიგდეს ინფარსტრუქტურა, რის შედეგადაც შეიქმნება ინვესტიციის მოზიდვისთვის მიმზიდველი პირობები. კურორტის რეაბილიტაციის შედეგად, განვითარდება მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, რასაც რეგიონში სოციალური დატვირთვაც ექნება და ეს უნიკალური ადგილები კვლავ მოემსახურება დამსვენებელს არა მარტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან.