სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, რეგიონში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების - თურქულის საწინააღმდეგო 143 100 დოზა ვაქცინა და იმუნიზაციისთვის საჭირო სპეც-აღჭურვილობაა ჩატანილი.
ფრანგული წარმოების ვაქცინა, ვეტერინალური დანიშნულების საგნები და ვაქცინების შესანახი სათავსო-მოწყობილობები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სურსათის ეროვნული სააგენტოს (გარდაბნის) რეგიონული სამმართველოს შენობაში განთავსდა. კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 922330 სული მსხვილფეხა პირუტყვი აიცრება, აქედან ქვემო ქართლის რეგიონში 138 932 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმუნიზაცია მოხდება. 33800 დოზა ვაქცინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში განაწილდება და ვაქცინის სავარაუდო დანაკარგის (3%) გათვალისწინებით 32816 მსხვილფეხა პირუტყვს გაუკეთდება . მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა 3 წელი გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია რქოსანი პირუტყვი სრულად იყოს დაცული ,,მართვადი" ინფექციების გავრცელებისგან.