არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს მისი დაკავებული ე.წ. მოქალაქეები გადასცეს. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ გააკეთა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის დროს ქართულ მხარეს წარმოადგენს.
"ამასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და გამორიცხული არაფერი არ არის, კონკრეტულად ჯერ ჯერობით ვერაფერს ვერ ვამბობთ, იმიტომ, რომ ჯერ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს",_ აცხადებს კახაბერ ქემოკლიძე და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება სოფელ ზარდიანთკარის საკითხს რომელიც ოსურ მხარეს ასე აღელვებს ეს საკითხი ქართული მხარისათვის დღის წესრიგიდან მოხსნილია.
"სოფელ ზარდიანთკარის საკითხი ჩვენის მხრიდან დღის წესრიგიდან აბსოლუტურად მოხსნილია. ამ სოფელში უსაფრთხოების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ქართულმმა მხარემ ჩაატარა ძალიან აქტიური მუშაობა ადგილობრივ, როგორც ეთნიკურად ქართულ ასევე ოსურ მოსახლეობასთან და რეალურად საფუძველი რაიმე შეშფოთებისა აბსოლუტურად არ არსებობს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქემოკლიძე და აღნიშნავს: "საგუშაგო რჩება თავის ადგილას გამომდინარე იქიდან, რომ მისი ადგილმდებარეობის საკითხი ეს არის აბსოლუტურად საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლება".
რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ფორმატში საქართველოს მეორე რეგიონში, აფხაზეთში შეწყვეტილი შეხვედრების განახლებას ქემოკლიძე აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით გალის შეხვედრების განახლებასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.
"გალის შეხვედრების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ჯერ ჯერობით არაფერია, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ამასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ", _ აცხადებს ქემოკლიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.