ყვარელში დოლოჭოპის ტერიტორიაზე V-VI საუკუნის ნაგებობის ნანგრევები აღმოაჩინეს. ნაგებობა დაახლოებით 40 მ სიგრძისა და 16 მ სიგანის, 5 წყვილი ჯვარისებრი გეგმის სვეტების წყვილით სამ ნავად დაყოფილ ბაზილიკური ტიპის ტაძარს წარმოადგენს.
„ეს ტერიტორია მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზეა. წინასწარი ინფორმაციით, ამ ადგილას თავის დროზე ძალიან დიდი გრანდიოზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ V-VI საუკუნის ისტორიული ძეგლია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ნერსეზაშვილმა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვა, რომელიც ამ სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 39 900 ლარს მიიღებს.
არქეოლოგიური სამუშაოები დოლოჭოპის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.