ყვარლის რაიონში ფუტკარი დაიხოცა. როგორც ადგილობრივმა მეფუტკრეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ზარალი 50%-ს აღემატება.
„155 სკა მყავდა და 120 ოჯახიღა დამრჩა, დიდი ზამთარი და სიცივე იყო, ფუტკარი გარეთ ვერ გამოვიდა, საჭმლის მომნელებელი სისტემა დაუზიანდა და ბევრი დაიხოცა. წელს თაფლი ნაკლები იქნება", - განაცხადა ახალსოფელში მცხოვრებმა მეფუტკრემ კახა კურტანიძემ.
კახა ცაგარელს 90-დან 8 სკაღა დარჩა, დანარჩენი ფუტკარი სულ დაეხოცა.
სოფელ მთისძირში მეფუტკრეებმა ერთი სკიდან საშუალოდ 15 კილოგრამი თაფლი აიღეს, მაშინ, როცა გასულ წელს ერთი სკიდან თაფლის საშუალო რაოდენობა 25 კილოგრამს შეადგენდა.
ყვარელში მეფუტკრეობას ყველაზე მეტად ახალსოფელსა და მთისძირში მისდევენ. ახალსოფელში 150-მდე მეფუტკრეა. სოფელ მთისძირში მოსახლეობის 95% მეფუტკრეობას მისდევს, ყვარელში კი 600 -ზე მეტი ოჯახი.
წელს 1 კილოგრამი თაფლის საბითუმო ფასი 10 ლარია, 1 კილოგრამი დინდგელის ფასი 30 ლარი, 1 კილოგრამი ყვავილის მტვერი 30 ლარი ღირს, 1 კილოგრამი ცვილის ანუ სანთლის ფასი - 17 ლარია.