„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გორის რაიონის სოფელ ყელქცეულაში მოსახლეობას სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პრობლემებზე გაესაუბრნენ.
ადგილობრივების განცხადებით, მათ არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი, ასევე სოფელში მწვავედ დგას წყალმომარაგების პრობლემა, გაუმართავია სარწყავი სისტემა. გლეხების თქმით, არ ფუნქციონირებს სოფლის ამბულატორია, მოხუცები სირთულეეებს აწყდებიან სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, ხოლო ბავშვები ვერ იღებენ სათანადო განათლებას საჯარო სკოლების გაუმართაობის გამო.
გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატების" სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნეს და გლეხებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
„ამ ნაყოფიერ მიწაზე ადეკვატური პირობების არ არსებობის გამო გლეხი თავს ვერ ირჩენს და დიდ გასაჭირშია. ხელისუფლებამ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ვერ შექუმნა ისეთი პირობები, რომ გლეხს გამოეყენებინა მის ხელთ არსებული პოტენციალი და დამოუკიდებელი შემოსავალის წყარო გაჩენოდა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.