,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე პარტიის რომელიმე წევრის შესაძლო დანიშვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს კარგი შეთავაზება იქნებოდა.
,,თქვენ პირს შაქარი ნეტავ, დაინიშნოს სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ჩვენი პარტიის რომელიმე წევრი, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი მოლაპარაკება არ არის", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტია უკვე ოთხი წელია უშედეგოდ ითხოვს, სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი ოპოზიციამ წარადგინოს.
,,უკვე ოთხი წელია ვითხოვთ რეგლამენტში ჩასმული ყოფილიყო ცვლილება და სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე, სწორედ ოპოზიციის შეთავაზებით ყოფილიყო დანიშნული, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობა" ამას ჯიუტად მხარს არ უჭერს", _ განაცხადა ვეფხვაძე.
მისივე თქმით, ლევან ბეჟაშვილი კახეთის რეგიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს.
,,სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, როგორც ვხვდები კახეთის რეგიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს", _ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა. Aამასთან ვრცელდება ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პოსტზე ოპოზიციის, კერძოდ ,,ქდმ"-ს წევრის შესაძლო დანიშვნის შესახებ.